აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგ, არც ხელისუფლება და არც არავინ შემდეგი პატრიარქის არჩევაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო – ასე იქნება! შეცდომები არ იქნება დაშვებული” – მეუფე ზენონი

ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი – ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში [შემდეგი პატრიარქის არჩევაში] არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება! – ამის შესახებ წმინდა სინოდის დაწყებამდე, მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე ზენონმა საპატრიარქოში შესვლამდე ისაუბრა კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ ის იყო ეპოქალური ადამიანი.

„ნამდვილად იყო უიშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი, იყო ძალიან დახვეწილი პიროვნება და ადამიანისადმი ჰქონდა განსაკუთრებული პატივისცემა, როგორც არსებისადმი. არ იყო რადიკალი. აღნიშნავდნენ კიდეც, რომ თანამედროვე ადამიანი არისო, აი, მაშინ, თვითონაც შედარებით ახალგაზრდა ადამიანი რომ იყო. 70 წელი რომ შეუსრულდა თქვა, რომ წარმოგიდგენიათ, 70 წლის გავხდიო. ანუ იმდენად განიცდიდა გარკვეულწილად იმას, რომ ასე გავიდა დრო და ცხოვრება. ეპოქალური ადამიანი იყო, ნამდვილად. მე ვიცნობდი მას ძალიან კარგად. სხვათა შორის, ერთეულები ვიცნობდით მას. იმის საშუალება არ იყო, რომ ყოველთვის ყველას ცნობოდა. შეიძლება მასთან გაცილებით დიდხანს იყვნენ, მაგრამ დროსაც მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდში გიწევს ადამიანთან ყოფნა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

გუშინ დავწერე, რომ ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ძალიან ვუყვარდი მე, შვილივით ვყავდი და მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჩემი იმედი ხარო, პატარა რომ ვიყავი, 17-18 წლის ასაკში. შემთხვევითი მაინც არაფერია ქვეყნიერებაზე, ჩემი დაბადების დღეც ერთხელ არის წელიწადში და ადამიანის გარდაცვალებაც ერთხელ ხდება და რაღაცნაირად გული მტკივნეულად დამიმძიმდა, რომ ასე მოხდა. ყოველ ჩემს დაბადების დღეს მის გარდაცვალებას… მოდი, ასე ვთქვათ, პერსონალური დახმარებაც არის ჩემთვის, რომ სულთან კავშირი რომელიც იყო, გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

მან ასევე ისაუბრა პატრიარქის არჩევის შესახებ. მეუფე ზენონის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში ხელისუფლება ჩაერევა.

„მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს [პატრიარქის არჩევა]. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და… მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით. [შესაძლო ჩარევა] არა, ხელისუფლებიდან არა. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომები არ იქნება დაშვებული. როგორ წარიმართება, ვინ საიდან ჩაერევა, ხელისუფლება შეიძლება არ იყოს და რაღაც უფრო სხვა რამ“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისი თქმით, მას პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ უთხრა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში არავინ უნდა ჩაერიოს.

„როცა მოსაყდრის თემა იდგა, რომელი წელი იყო არ ვიცი. გუშინ მე გავიხსენე ეპიზოდი, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი – ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!” – განაცხადა მეუფე ზენონმა.

იტვირთბა....