ახალი ამბები მთავარი

დღეს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.  ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას  ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი პალმის (ბზის) რტოებით ეგებებოდა. ყოველი მხრიდან ისმოდა: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნენი ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

იტვირთბა....