იტალიამ, საფრანგეთმა და ხმელთაშუა ზღვის კიდევ შვიდმა ქვეყანამ ევროკომისიას მოუწოდეს, სასწრაფოდ მოაგვაროს რუსული გაზტანკერის, Arctic Metagaz-ის საკითხი.
რუსეთის მტკიცებით, ტანკერი მარტის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვაში უკრაინულმა საზღვაო დრონმა დააზიანა და ის ამჟამად მალტასა და სიცილიას შორის მოძრაობს.
Reuters-ის ცნობით, ევროკომისიისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ დამწვარი და უმართავი ტანკერი ორმაგ საფრთხეს წარმოადგენს – ქმნის სხვა გემებთან შეჯახებისა და ეკოლოგიური კატასტროფის რისკს.
Arctic Metagaz-ს, რომელსაც მურმანსკიდან თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთი გადაჰქონდა, სავარაუდოდ, სუეცის არხში, 3 მარტს ლიბიასა და მალტას შორის ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა. გემი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იყო, როგორც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი. 4 მარტს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაზტანკერს თავს დაესხნენ ლიბიის სანაპიროდან გაშვებული უკრაინული უპილოტო აპარატები. უკრაინამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო. გემის ეკიპაჟი ევაკუირებულ იქნა, გემი კი ზღვაში დარჩა.

