ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. როგორც სამხედრო უწყებაში აცხადებენ, ოპერაციის ფარგლებში 91-ე დივიზიის ქვედანაყოფები ლიბანის სასაზღვრო ტერიტორიებზე შევიდნენ, რათა გაანადგურონ შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა და შეამცირონ საფრთხე ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებისთვის.
ცაჰალის ინფორმაციით, საუბარია შეზღუდულ და მიზნობრივ სახმელეთო ოპერაციაზე, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ოპერაციის მიზანია დაჯგუფების მებრძოლების განეიტრალება და საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის გამაგრება.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, ოპერაციის მთავარი სამიზნეებია სამხრეთ ლიბანი, ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები და ბექაას ხეობა, სადაც „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პოზიციებია განთავსებული.
სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელის არმიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე არტილერიული და საჰაერო დარტყმები განახორციელა, რათა შეემცირებინა არსებული სამხედრო საფრთხეები.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანია ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერება.

