გარდა იმისა, რომ პეტერ ფიშერმა დაგვანახა, როგორ უხარია, რაიმე ცუდი მოხდეს საქართველოში, მეორე შეცდომა დაუშვა, მტკიცებულებები არის წარმოდგენილი ყულევის ტერმინალთან დაკავშირებითო, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“.
„ეს განცხადება ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. შეცდომა დაუშვა, როცა თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის თაობაზე საუბარი დაიწყო. ევროკავშირს თავისი ელჩი ჰყავს და მას გერმანიის და სხვა ქვეყნების ელჩების მიშველება არ სჭირდება. გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს, ევროკავშირის ელჩის ნაცვლად ისაუბროს და ის ჩაანაცვლოს. არ ვიცი, მას ჰგონია, რომ უფრო მეტი ეთქმის, ვიდრე ჰერჩინსკის. რაიმე თუ ექნებოდა სათქმელი, მას არ უჭირს თქმა და არტიკულაცია, ყველაფერს იტყოდა. გერმანიის ელჩმა შეცდომა დაუშვა. შეცდომა დაუშვა, რადგან გაუხარდა. პეტერ ფიშერის განცხადებაში მაშინ ამოვიკითხეთ სიხარული – აი, ქართველებო, ნახეთ, თქვენს პორტს რა მოუვა. გარდა იმისა, რომ დაგვანახა მისი ავი სიხარული, როგორ უხარია, რაიმე ცუდი მოხდეს საქართველოში, ასევე მეორე შეცდომა დაუშვა იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებები არის წარმოდგენილიო.
თავად თუ მაინც აქვს ნანახი, ეს მტკიცებულებები? – რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ აქვს ნანახი, რადგან ბუნებაში არ არსებობს. მაშინ ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მტკიცებულებები მოთხოვეს. არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომ საქართველომ რაიმე სანქცია დაარღვია. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა. ამის შედეგი იყო ის, რომ პროექტიდან ამოღებულია ყულევის ტერმინალი და ჩვენ კოორდინატორის მხრიდან წერილი მივიღეთ. ახლა პეტერ ფიშერი ცდილობს, აქეთ, გაღმა შემოგვედავოს იმის ნაცვლად, ბოდიში მოიხადის, რომ ავი სიხარულით გვამცნო, თითქოს, რაღაც მტკიცებულებები არსებობს. ამით პროპაგანდისტურ მედიას საკვები მისცა, რომ კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველო თავდასხმის ობიექტი. საბოლოო ჯამში, არაფერი დამტკიცდა. მგონი, პეტერ ფიშერს თავისი თავი დიდი ბრიტანეთის ელჩადაც წარმოუდგენია, როცა სანქციებზე საუბრობს. ყველას შეგახსენებთ, რომ ეს თავდასხმა ბრიტანეთის მხრიდან არის, თუ არადა, გერმანიამ მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები. პეტერ ფიშერი რატომ საუბრობს დიდი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად და რატომ იყენებს მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. მისი ავი სიხარული ამაშიც იკითხება, მაგრამ მისი განცხადებების ზიზღის შინაარსი არის თავისუფალი მედიის, საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მის გემოვნებას არ შეეფერება. როგორც ჩანს, ამგვარი იარლიყების მიკერება ჩვევაა. პეტერ ფიშერს მოვუწოდებდი, ეს ის არ არის, რითაც გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს დაკავებული, რომ ადამიანებს იარლიყები მოაკეროს და მათი სტიგმატიზება მოახდინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

