პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე-ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა დონალდ ტუსკმა თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა(Polexit) დღეს „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.
დონალდ ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში დაადანაშაულა პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა 15 მარტს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევოკავშირიდან პოლონეთის გასვლა სურს როგორც „კონფედერაციას”(საპარლამენტო პარტია), ისე პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ უმრავლესობას და მათ ნავროცკი მფარველობს.
ტუსკის თანახმად, რუსეთს, ამერიკულ MAGA-ს(ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობა) და ევროპელ მემარჯვენეებს უნგრეთის პრემიერ ორბანის მეთაურობით, ევროკავშირის განადგურება სურთ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს პოლონეთისთვის „კატასტროფა“ იქნება, ამიტომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.
15 მარტს ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება, ვეტო დაადოს კანონპროექტს პოლონეთის არმიის გადაიარაღებისთვის ევროკავშირისგან კრედიტის მიღების შესახებ.
პოლონური მედიის ცნობით, დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „ვეტო კაროლ ნავროცკის“, „ვეტოს რუსული სუნი უდის“ და „შეწყდეს პარტიული თამაშები“.

