აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვა ეკოლოგიურ განგაშს აცხადებს – სანდუ რუსეთს დნესტრის დაბინძურებაში ადანაშაულებს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნოვოდნესტროვსკის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დნესტრის დაბინძურებამ მოლდოვის წყალმომარაგებას საფრთხე შეუქმნა.

“რუსეთის მიერ უკრაინის ნოვოდნესტროვსკის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ნავთობი დნესტრის მდინარეში მოხვდა, რაც საფრთხეს უქმნის მოლდოვის წყალმომარაგებას.
ჩვენ გამოვაცხადეთ ეკოლოგიური განგაში და ვიღებთ ზომებს ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. რუსეთი სრულ პასუხისმგებლობას ატარებს“ – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.


13 მარტს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ დნესტრის დაბინძურების გამო მოლდოვამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო-დრონული შეტევის შემდეგ დნესტრის მდინარეში ტექნიკური ზეთების ლაქები აღმოაჩინეს. უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაბინძურება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სარაკეტო საწვავის გაჟონვასთან დნესტრის ჰიდროელექტროსადგურის რაიონში, ჩერნოვიცის ოლქში, რაც 7 მარტს რუსეთის შეტევის შედეგად მოხდა.

დაბინძურება მდინარის დინებით ქვემოთ გავრცელდა და მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩას რაიონამდეც მიაღწია.

10 მარტს მოლდოვამ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა უკრაინას დნესტრის მდინარეში ზეთოვანი ლაქების გაჩენასთან დაკავშირებით.

შემდგომში მოლდოველმა სპეციალისტებმა მდინარეზე სპეციალური ფილტრების მონტაჟი დაიწყეს, რათა დაბინძურების გავრცელება შეეჩერებინათ.

იტვირთბა....