ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ასევე, სიტყვით ისარგებლა თავად რომეო მიქაუტაძემ. როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, უკვე ერთი კვირაა, დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისგან პასუხს ელოდება.
„ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო გარიგებისთვის. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილება. მზად ვარ, ვაღიარო არარსებული დანაშაული და ავანაზღაურო ზიანი სოლიდური თანხით. ამ დრომდე ვარ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში. ცხრა თვის განმავლობაში პროკურატურა აცხადებდა, მოგვმართოსო და აი, ბატონო, მოგმართეთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ. მისი თქმით, ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმებაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მთავარი პირობა დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურებაა. პროკურორის თქმით, ეს პირობები ამ დრომდე არ არის შესრულებული.
„რომეო მიქაუტაძე მთელი პროცესის განმავლობაში, ოთხი საათი საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის. ბოლოს დაამატა, მე დამნაშავე არ ვარ, მაგრამ განცხადება მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება. ამ შემთხვევაში საპროცესო არ ფორმდება. ადამიანმა უნდა აღიაროს დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მარტს გაიმართება, რა დროსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

