„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი არ უჭერს, მათ შორის არც საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ქვეყანა დაუჭერს, თუ არ დაუჭერს მხარს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, ე.წ. დასკვნას.
„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს დასკვნა სადაო საკითხებით არის წარმოდგენილი. დადასტურებულ ფაქტებად არის წარმოჩენილი ისეთი საკითხები, რომელიც ფიზიკურად ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, მოწამვლის საქმეები. ამ საკითხზე გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილია დასმული. ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია, უსაფრთხოების სამსახურს მიმართოს და შესაბამისს მასალებზე წვდომას მიიღებენ, მაგრამ სიმართლის დადგენა არავის სჭირდება, მთავარია პროპაგანდა და პროპაგანდის მანქანის ამოქოქვა, რომელიც კოლექტუურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ამოქოქილი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

