ირანის ომი საუკუნის განმავლობაში ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრულია, ეს ერთი ადამიანის, დონალდ ტრამპის ბრალია, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა.
„ეს არის ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რაც ამერიკას ბოლო 100 წლის განმავლობაში უწარმოებია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. არ არსებობს სიცოცხლისუნარიანი საომარი გეგმა. ისინი ყოველდღე ცვლიან მიზნებსა და ამოცანებს. მე თანავუგრძნობ ჩვენს ჯარისკაცებსა და ჩვენს სამხედრო ლიდერებს, მათ მითითებებს აძლევს მოხუცი, რომელიც გონებას ვეღარ მართავს“, – განაცხადა მერფიმ.
დემოკრატი სენატორის შეფასებით, ომი უარყოფითად აისახება ამერიკელთა საფულესა და მათ უსაფრთხოებაზე.
„ფასები იზრდება, სრუტე დაკეტილია. ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს რეგიონულ მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას. ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს. ეს იყო სრული კატასტროფა და ეს ერთი ადამიანის, დონალდ ტრამპის ბრალია, რომელიც ყოველდღე იცვლის აზრს იმის შესახებ, თუ რა მიზნით უნდა მიმდინარეობდეს ეს ომი“, – განაცხადა მერფიმ.

