ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პარტიას უერთდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტოვებს მას“

„მას შემდეგ რაც განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას, პარტიას უერთდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტოვებს მას. ჩვენ გავხდით ორიენტირი იმ კატეგორიის მოდერნისტი, ევროპაზე ორიენტირებული, განათლებული ადამიანებისთვის, რომლებსაც წინასაარჩევნოდ რესპუბლიკური პარტიის კოალიციურ ბლოკში ყოფნა ხელს უშლიდა”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ზოგი ადამიანი გადის პარტიიდან, ზოგი – შემოდის. სენაკში პარტიის არაერთმა წევრმა დატოვა პარტია, ისინი არც თუ მთლად რიგითი წევრები არიან, გამგეობის თანამშრომლები, რწმუნებულები. მათ არჩიეს, რომ უპარტიოდ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. თუ სადმე გამოჩნდება რაიმე ნიშანი წნეხისა, ან ზეწოლისა საჯარო მოხელეთა მიმართ, პარტია იქნება ძალიან მკაფიო, მკვეთრი შემფასებელი და არა მარტო შემფასებელი, კონტრზომებსაც მივიღებთ. სენაკში რაიმე ასეთი სისტემური შემთხვევა არ ჩანს. პარტიის ნაწილმა დატოვა რესპუბლიკური პარტია და ეს მათი უფლებაა.  მას შემდეგ რაც განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას, პარტიას უერთდება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ტოვებს მას. როგორც ჩანს, ჩვენ გავხდით ორიენტირი იმ კატეგორიის მოდერნისტი, ევროპაზე ორიენტირებული განათლებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელს უშლიდა საარჩევნოდ კოალიციურ ბლოკში რესპუბლიკური პარტიის ყოფნა, რომ საკუთრივ რესპუბლიკური პარტიისთვის მიეცა ხმა. არიან ასეთი ამომრჩევლები და ისინი ერთგვარად გულაცრუებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ და მობრუნებული რესპუბლიკური პარტიის მიმართ ამჟამად“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, “რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა. პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი ორგანიზებულად არ წასულან და უმეტესობა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.

„ამ მომენტისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და არა დღეს, სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა, მაგრამ ეს არ არის პარტიის ორგანიზებული დატოვება რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა, ამ 25 წევრიდან, უმრავლესობა საჯარო სამსახურში – გამგეობაში, თუ სოფლის რწმუნებულად მომუშავე ადამიანია. ისინი არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, არც იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს რაიმე ტიპის მითითება ჰქონდათ. ისინი უბრალოდ პირადი მოსაზრებების გამო მიდიან პარტიიდან”, – განმარტა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია.

იტვირთბა....