ავსტრალიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო გამწვავების გამო აბუ დაბისა და თელ-ავივში საელჩოები, დუბაიში კი საკონსულო დახურა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა განაცხადა.
ვონგის თქმით, სულ მცირე, ცხრა ქალაქში, სადაც ავსტრალიის საელჩოები და საკონსულოები მდებარეობს, რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები დაფიქსირდა.
„ირანის საპასუხო შეტევები გრძელდება ისეთი მასშტაბით და სიღრმით, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, – განაცხადა პენი ვონგმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, კონფლიქტი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება და გაგრძელდება.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ავსტრალიის დიპლომატიური მისიები აბუ დაბიში, დუბაიში და თელ-ავივში ფიზიკურად დაიხურა.
ამასთან, ავსტრალიის ხელისუფლებამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში მომუშავე ავსტრალიელი დიპლომატების ოჯახის წევრებს ქვეყნების დატოვებისკენ მოუწოდა.
ვონგის თქმით, ირანის მხრიდან განხორციელებული „სახიფათო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული თავდასხმები“ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, მათ შორის ავსტრალიის მოქალაქეებსაც.
მისივე ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთიდან 23 კომერციული რეისით 3200-ზე მეტი ავსტრალიელი დაბრუნდა. კონფლიქტის დაწყებისას რეგიონში დაახლოებით 115 000 მოქალაქე იმყოფებოდა.

