აშშ-ის საბრძოლო შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება, სულ უფრო ლეტალური და დომინანტური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ტერორისტული რეჟიმის რეაგირების უნარი სწრაფად შემცირდა, ახლა აშშ-ის სამხედროები ირანის რაკეტების წარმოების ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ცდილობენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები უცვლელი რჩება, რაც მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების განადგურებას, ქვეყნის სარაკეტო ინდუსტრიის მიწასთან გასწორებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს.
მისივე თქმით, ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, რომ ირანი სრული და უპირობო დანებების პოზიციაშია.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ სრული მიზნების მისაღწევად პრეზიდენტის საწყისი ვადა დაახლოებით ოთხი-ექვსი კვირა იყო. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ჩვენი მამაცი მეომრები ამ ამოცანებს სწრაფად და ეფექტურად, დაგეგმილზე გაცილებით ადრე ასრულებენ. საბოლოო ჯამში, ოპერაციები დასრულდება მაშინ, როდესაც მთავარსარდალი დაადგენს, რომ სამხედრო მიზნები მიღწეული და სრულად რეალიზებულია, რომ ირანი სრული და უპირობო დანებების პოზიციაშია. მიუხედავად იმისა, იტყვიან თუ არა ამას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ლევიტის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ირანის უპირობო დანებებაზე საუბრობს, არ გულისხმობს, რომ ირანის რეჟიმი თავად გამოვა და ამას იტყვის.
„ტრამპი არ ამბობს, რომ ირანის რეჟიმი ამას თავად იტყვის. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხეს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი. შემიძლია, მუქარა გავაჟღერო, მაგრამ ქმედებებით თუ არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარა იქნება. ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდის აღარ იქნება პირდაპირი საფრთხე აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ამასთან, როგორც ლევიტმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის ვარიანტს არ გამორიცხავს.

