ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს – “გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას”.

“2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.

შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად “ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებასაკენ მიმართონ” | ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში

მანამდე, დღეს, ენმ-ის წევრი პეტრე ცისკარიშვილი და ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ცისკარიშვილის მიერ გაზიარებულ პოსტს, რომელიც პარტია “თავისუფლების მოედანს” ეხებოდა, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ შეთანხმებას არღვევდა. „შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: “მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა”. “ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ.” -უპასუხა ჩერგოლეიშვილმა. მომდევნო კომენტარში ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილს “უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი” უწოდა.

იტვირთბა....