კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, თუმცა მორიგი რაუნდის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„კონკრეტული თარიღი და ადგილი ჯერ დადგენილი არ არის. სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ამით ყველა დაინტერესებულია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსული მხარე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მუდმივ კონტაქტშია.
„უიტკოფი რუს კოლეგებთან მუდმივ კონტაქტშია. კომუნიკაციის ეს არხი მგრძნობიარე საკითხებზე სიგნალების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადაიდო.
„ამ მომენტისთვის პარტნიორების მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა გადატანილი და ამის გამო, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა ამერიკელების წინადადებით გადაიდო“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

