გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ დონალდ ტრამპს მრჩევლები ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების გზების მოძიებისკენ მოუწოდებენ.
გამოცემის ცნობით, ისინი შიშობენ, რომ ხანგრძლივმა კონფლიქტმა და ნავთობის ფასების ზრდამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებზე.
ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ვიდრე ირანი რეგიონში მდებარე ქვეყნებზე თავდასხმებს აგრძელებს და ისრაელი კვლავ მზად არის ირანის სამიზნეებზე დარტყმებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ ომიდან მარტივად გამოვა.
ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე ვერ შეძლებს დამაკმაყოფილებელ გამარჯვებაზე საუბარს.
წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი ზოგიერთმა მრჩეველმა წაახალისა, შეიმუშაოს ომიდან გასვლის გეგმა და წარმოაჩინოს, რომ ვაშინგტონმა უკვე მნიშვნელოვანწილად მიაღწია დასახულ მიზნებს.
ამასთან, ტრამპს გააცნეს ომის შესახებ ჩატარებული რამდენიმე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებიც. ბოლო დღეებში გამოქვეყნებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა ირანში სამხედრო ოპერაციას არ უჭერს მხარს.
როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 44 პროცენტამდე შემცირდა. კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით კი, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მხოლოდ ამერიკელთა 27 პროცენტი უჭერს მხარს.

