აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტონი ბურკმა განაცხადა, რომ ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 5 ფეხბურთელს თავშესაფარი მიანიჭა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება ნაკრების სხვა წევრებისთვისაც ძალაშია, სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობას ყველა მათგანი არ გამოიყენებს“, – განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხუთი ფეხბურთელისთვის ჰუმანიტარული ვიზების მინიჭების შემდეგ განაცხადა, რომ „ისინი ავსტრალიაში უსაფრთხოდ არიან“.

ასევე, მისი თქმით, ავსტრალია მზად არის ირანის ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც დაეხმაროს, თუმცა გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს, რომელმაც სათავე მაშინ აიღო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს, ხოლო ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ფეხბურთელები „მოღალატეებად“ მოიხსენია. ირანის ეროვნული ნაკრები ტურნირს კვირას გამოეთიშა.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანეზეს მოუწოდა, რომ ირანელი ფეხბურთელებისთვის თავშესაფარი მიეცა. მოგვიანებით, ტრამპი ალბანეზეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე მუშაობდა.

იტვირთბა....