აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Human Rights Watch-ი ლიბანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანში მოსახლეობის მიმართ თეთრი ფოსფორი გამოიყენეს

ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანში მოსახლეობის მიმართ თეთრი ფოსფორი გამოიყენეს. ინფორმაციას ლიბანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთრი ფოსფორი სამხრეთ ლიბანის ქალაქ იოჰმორში დასახლებების მიმართ, სავარაუდოდ 2026 წლის 3 მარტს გამოიყენეს.

„Human Rights Watch-მა გადაამოწმა და გეოლოკაციურად დაადგინა შვიდი სურათი, რომლებიც ასახავს ქალაქის საცხოვრებელ ნაწილზე თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებას და სამოქალაქო თავდაცვის მუშაკებს, რომლებიც რეაგირებენ ამ ტერიტორიაზე სულ მცირე ორ სახლსა და ერთ მანქანაში გაჩენილ ხანძარზე“, – წერს ორგანიზაცია.

ამასთან, Human Rights Watch-ის ლიბანის მკვლევარი რამზი კაისი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოყენება მოსახლეობისთვის საშიშია.

„ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის უკანონო გამოყენება საცხოვრებელ უბნებზე უკიდურესად საგანგაშოა და სავალალო შედეგებს მოიტანს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენმა ეფექტმა შეიძლება, გამოიწვიოს სიკვდილი ან სასტიკი დაზიანებები, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯვას იწვევს“, – განაცხადა მან.

Human Rights Watch-ი წერს, რომ თეთრი ფოსფორი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც იშლება არტილერიის ჭურვებში, ბომბებში, რაკეტებში და ჟანგბადის ზემოქმედებისას აალებადია. მას შეუძლია სახლების, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე ცეცხლის გაჩენა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, თეთრი ფოსფორის გამოყენება დასახლებულ ადგილებში დაუშვებელია.

იტვირთბა....