„ბიბისიმ“ ირანის საკითხთან დაკავშირებით პიტ ჰეგსეტის გამოსვლა არასწორად თარგმნა. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.
კერძოდ, როგორც „ტელეგრაფი“ იუწყება, BBC Persian-მა, რომელიც ირანის შიდა აუდიტორიისთვის მაუწყებლობს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის სიტყვები არასწორად თარგმნა და მოგვიანებით შეცდომა გაასწორა.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ჰეგსეტმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამიზნე ირანის „რეჟიმი“ იყო, თუმცა სპარსულ თარგმანში ეს სიტყვა „ხალხად“ ითარგმნა, რის შედეგადაც გაჩნდა შთაბეჭდილება, თითქოს აშშ ირანის მოსახლეობას გულისხმობდა.
„ბიბისიმ“ მოგვიანებით განმარტა, რომ ეს იყო პირდაპირი ეთერის დროს დაშვებული ადამიანური შეცდომა და მაყურებელს შესწორებული ინფორმაცია როგორც ეთერში, ისე სოციალურ ქსელებში მიაწოდა.
შემთხვევამ სოციალურ მედიაში კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, არასწორმა თარგმანმა ჰეგსეტის განცხადების მნიშვნელობა შეცვალა და შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის ირანის მთელ მოსახლეობას გულისხმობდა.
თავის გამოსვლაში ჰეგსეტმა თქვა: „აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს“, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან. ეს არ არის ე.წ. ომი რეჟიმის შესაცვლელად, თუმცა რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით უკეთესი გახდა“. მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება „ბიბისიმ“ სპარსულად ასე თარგმნა: „აღმოჩნდა, რომ ხალხმა, რომელიც გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს“, თავად მიიღო სიკვდილი ამერიკისგან და სიკვდილი ისრაელისგან“.
მედიის მონიტორინგის ორგანიზაცია Camera UK-ის წარმომადგენლის განცხადებით, არასწორმა თარგმანმა BBC World Service-ის რეპუტაციას დამატებითი ზიანი მიაყენა. მისი თქმით, თარგმანმა თავდაცვის მდივნის გამოსვლის მნიშვნელობა შეცვალა.
„ისევე როგორც არაბულ ენაში სიტყვები – „ებრაელები“ და „ისრაელელები“ სინონიმები არ არის, სპარსულ ენაში ირანის „ხალხი“ და მისი „რეჟიმი“ ერთსა და იმავეს არ ნიშნავს“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
როგორც გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, აღნიშნულმა საკითხმა შესაძლოა, ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს „ბიბისისა“ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, რომელმაც გასულ წელს მაუწყებლის წინააღმდეგ მრავალმილიარდიანი სარჩელი შეიტანა.

