ბათუმში, მთავრობის სახლთან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში, სადაც “შუახევჰესის” მშენებლობა მინდინარეობს, მეწყერსაშიშ ზონაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორი წელია, ითხოვენ გეოლოგიურ დასკვნას, ემუქრებათ თუ არა საფრთხე.
“ვითხოვთ, სახელმწიფომ გააკეთოს გეოლოგიური დასკვნა, კომპანიის მონაცემებს და მათ გაკეთებულ დასკვნებს არ ვენდობით, ისინი დაინტერესებული პირები არიან”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე.
“გვეუბნებიან, საფრთხე არ გემუქრებათო. ფაქტია, სახლებს ჰესის მშენებლობის შემდეგ უფრო გაუფართოვდათ ნაპრალები. გააკეთონ დასკვნა, ხომ არ ჩაგვიტანს მიწა, ისევე როგორც ეს წაბლანაში მოხდა. შვილების უსაფრთხოებას და სიცოცხლის უფლებას ვითხოვთ”, – აცხადებს აქციის მონაწილე მზია დიასამიძე.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, კომენტარს აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ. მთავრობის პრესსსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის უფროსი და გარემოს დაცვის სამართველოს უფროსი შეხვდებიან.