სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს ყოველთვის მოჰყვება შედეგები. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ და ევროკავშირში ყოველთვის გელით. თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის წევრიც გახდეთ, ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ამჟამად კი თქვენ ევროკავშირს შორდებით
წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა – ამიერიდან, მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა მოეთხოვებათ.
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
“2026 წლის 6 მარტიდან, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ.
ამ გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ყველა ქვეყანა შეასრულებს, გამონაკლისის გარეშე.
ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო მითითებები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას არ გამოიყენებენ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტს, შესაძლოა ევროკავშირში შესვლა შეეზღუდოთ.
საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლით სარგებლობას კვლავ გააგრძელებენ.” – წერია განცხადებაში.

