ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 140 დაშავებული გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, საავადმყოფოებში მყოფთა შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, 19-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ხოლო 114-ის დამაკმაყოფილებელია.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ოთხ ადამიანს შფოთვის გამო მკურნალობა, ორს კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ან ამჟამად უტარდება.
საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, საავადმყოფოებში სულ 1 619 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო. მათგან 87 ამჟამად საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მკურნალობა ჩაუტარდათ და გაწერეს. ამჟამად საავადმყოფოში მყოფი ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ორი მათგანი სარაკეტო დარტყმების შედეგად პირდაპირ არ დაშავებულა.

