რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პროვოცირება მოახდინეს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები მიეტანა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რათა თეირანს დარტყმები მიეტანა ზოგიერთ არაბულ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე, რამაც ადამიანური, მატერიალური დანაკარგი გამოიწვია.
„ამდაგვარად ცდილობენ, არაბული ქვეყნები ჩართონ სხვისი ინტერესებისთვის ომში. თან ყურადღების გადატანა ხდება პალესტინელი ხალხის კატასტროფული მდგომარეობისგან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსკოვი მოუწოდებს დაპირისპირებაში ჩართულ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება „მიუღებელს“ უწოდებს ირანის დარტყმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
„სრულიად მიუღებლად მივიჩნევთ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს, შეტევებს ნებისმიერ სამოქალაქო ობიექტებზე, იქნება ეს ირანი თუ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სპარსეთის ყურის ქვეყნები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

