აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ სამყაროში ბევრმა არც კი იცის” – კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ხანგრძლივი ომის საწარმოებლად „საკმარისზე მეტი“ იარაღი აქვს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმარისზე მეტი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ არა მხოლოდ წარმატებით განახორციელოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“, არამედ გაცილებით შორს წავიდეს. ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ სამყაროში ბევრმა არც კი იცის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის იარაღის მარაგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ოთხშაბათს კი სოციალურ ქსელში დაწერა – „ჩვენ კარგი მარაგი გვაქვს, მაგრამ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ“. თუმცა, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი გულისხმობდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, გაეგზავნა აშშ-ის იარაღი უკრაინაში „უფასოდ“, რათა დახმარებოდა მათ რუსეთთან ომში და არ მიანიშნებდა მიწოდების შესახებ პრობლემებზე.

„პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი გვყავდა, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის უმეტესობა უსასყიდლოდ გასცა,“ – აღნიშნა ლევიტმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ჰქონდა ფაქტებზე დაფუძნებული განცდა“, რომ ირანი აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

„პრეზიდენტი არ აპირებდა ყოფილიყო უბრალოდ კიდევ ერთი პრეზიდენტი ძალიან გრძელ სიაში, რომელიც უმოქმედოდ იჯდებოდა და ამ პირდაპირ საფრთხეზე პასუხისმგებლობას შემდეგ ადმინისტრაციას გადააბარებდა. პრეზიდენტს კვლავ ფაქტებზე დაფუძნებული განცდა ჰქონდა, რომ ირანი რეგიონში შეერთებულ შტატების ობიექტებზე დარტყმას აპირებდა. მან ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყება ყველა ამ მიზეზის საფუძველზე გადაწყვიტა“,- აღნიშნა ლევიტმა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა სწავლობს ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი განიხილება.

„ეს არის ის, რასაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ყურადღებით აკვირდებიან და სიტუაციას სწავლობენ. სიმართლე ისაა, რომ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება,“ – განაცხადა ლევიტმა.

იტვირთბა....