„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, 25 აპრილს, 18:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია – „არა პოლიციურ რეჟიმს“ გაიმართება.
„ამ ხელისუფლების პირობებშიც არის მცდელობა პოლიციური რეჟიმის გაგრძელების. „აუდიტორია 115“-ის ჩამოყალიბების დღიდან ვიბრძვით „ოდეერის“ წინააღმდეგ არა მარტო თსუ-ში, არამედ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სახელმწიფო უწყებაში. ამის პარალელურად ჩვენ გვებრძვის ის ხალხი, რომელსაც სჯერათ, რომ ცემა-ტყეპითა და მუქარით საქმე კეთდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს პოლიციური რეჟიმი“, – განაცხადა „აუდიტორია 115“- ის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ ბაღდავაძემ.
რაც შეეხება ახლადდანიშნულ რექტორის მოვალეობის შემსულებელ დარეჯან თვალთვაძეს, სტუდენტები იმედოვნებენ, რომ ის მომავალში რექტორი არ გახდება.
„ის არის იმ სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ვებრძვით. 2006 წელს, როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაემატა ხუთი მიმართულება, ძალიან ბევრი რექტორი გაყარეს სამსახურიდან, ქალბატონ დარეჯანს, რომელიც იყო იმ პერიოდში დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიულ გარემოს მოამზადებს რექტორის არჩევნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ თავად არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა დეა ჭოლოკავამ.