სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინული უპილოტო აპარატების მასირებული შეტევის მოგერიების დროს საკუთარი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო. ამის შესახებ წერენ რუსი სამხედრო ბლოგერები და ავიაციასთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს როსტოვის ოლქში, მილეროვოს სამხედრო აეროდრომის მახლობლად მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ვერტმფრენის ეკიპაჟი დაიღუპა. ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ-არხში წერენ:
„ცა საუკეთესოებს გვართმევს… მარადიული ფრენა“.
ამ ინფორმაციას ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა მხოლოდ უპილოტო აპარატების შეტევა დაადასტურა.
„დღეს ღამით როსტოვის ოლქზე განხორციელდა საჰაერო თავდასხმა. რამდენიმე ათეული უპილოტო აპარატი ჩამოგდებულია მილეროვოსა და ტარასოვის რაიონებში“.

