„რაღაც გარემოებებს ვითვალისწინებდით და ჩვენი გეგმა გვქონდა, გარკვეული ნაბიჯები როდი უნდა გადაგვედგა და ყველაფერი ეს საჯარო როდის გაგვეხადა, მაგრამ ჩემი „ფეისბუქი“ გატეხეს და 2015 წლის 2 აგვისტოს, დილით, პოსტი აღმოვაჩინე, რომ ეკასთან ურთიერთობაში ვარ“- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან მასზე თავდასხმასა და „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდასხმამდე მას სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გაუტეხეს და პერიოდულად უთვალთვალებდნენ კიდეც.
„ეს ამბავი ჩვენთვის პოლიტიკური დივიდენდების მიმღები არ ყოფილა და ამ დროს, ურმავლესობის წარომადგენლები პირველსავე წუთებში, პრაქტიკულად, „საბრალდებო დასკვნას“ კითხულობდნენ. შემდეგ კი, საერთოდ, სასწაული მოხდა – ბრალდებულის ყოფილი მეუღლისა და იუსტიციის მინისტრის ვერსიები იდენტური გამოდგა, ანუ იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთ გადაცემაში ზუსად ის ვერსია გაახმიანა, რომელიც დაკავებული ბრალდებულის ყოფილ მეუღელს, იუნა შაფათავას ჰქონდა, ეს ახალგაზრდა კაცებს შორის უბრალო, თბილისური გარცევა იყოო. იუსტიციის მინისტრი ისეთი დაბალი კვალიფიკაციის არაა, რომ არ იცოდეს, მისგან ასეთი ვერსიის გახმიანება რას ნიშნავს“ – ამბობს პეტრიაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა მეგობრები ის და იუსტიციის მინისტრი, პეტრიაშვილმა უპასუხა, რომ მეგობრობა ცოტა სხვა რამეა. „მეგობრები მე და ნინო გოგუაძე, მე და მაია ფანჯიკიძე ვართ“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
კითხვაზე, „ირაკლი ალასანიას შეცდომად ხომ არ თვლით, რომ იუსტიციის მინისტრისგან თავის დროზე, პოლიტიკური სახე შექმნა?“ პეტრიაშვილმა ასე უპასუხა:
„სწორად არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ნეგატიურ კუთხიდან შევხედოთ. ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, მასთან მიმართებაში საზოგადოების ძალიან მაღალი პოზიტიური განწყობა არსებობდა. მის საქმიანობას ჩვენი საზოგადოება მომავალში კიდევ შეაფასებს. ასტრასბურგიდან ჩამოსული ადამიანი «თავისუფალ დემოკრატებს» მაშინ შემოუერთდა, როცა, ძალიან გულწრფელად ვიტყვი, მცირე გამონაკლისების გარდა, ადამიანები, პანაშვიდზე იქნებოდა თუ ქორწილში, მეორე მხარეს გადადიოდნენ და სააკაშვილის რეჟიმის შიშით, მოსალმებას ერიდებოდნენ. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ბრძოლისუნარიანობა და იმის განცდა, რომ ვიღაცებს ბრძოლის მაინც სწამდათ და ჩვენთან მოდიოდნენ, მაგრამ ეს იყო ეტაპი, რომელიც გავიარეთ და დასრულდა“- აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას პირადი ცხოვრება საჯაროდ განიხილა, ამ თემაზე მედიაში საუბრის დაწყება ზუსტად „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა.
„თუკი თვალს სტატისტიკას გადავავლებთ, რაც ახლა ღიმილისმომგვრელია, ეს ცეცხლი მაშინ ენთებოდა, როცა კვლევები ტარდებოდა და ალასანია ისევ ტოპ-სამეულში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ყველაფერი ეს ცალსახა იყო და ამაზე ირაკლის საუბრები ჰქონდა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ კონკრეტული მნიშვნელოვანი ამოცანები გვქონდა განსახორციელებელი. მიზანი, შესაძლოა, სწორედაც ის იყო, რომ «თავისუფალი დემოკრატები» კოალიციას 2013 წლის დასაწყისშივე გამოყოფოდნენ“- აღნიშნა პეტრიაშვილმა და დაამატა, რომ მათ აიძულებდნენ, კოალიცია დაეტოვებინათ.