გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება კვიპროსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მიიღო.
ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ ხომალდთან ერთად, ბრიტანეთი კვიპროსში აგზავნის დრონების საწინააღმდეგო ვერტმფრენებსაც.
„ყოველთვის ვიმოქმედებთ დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ვერ თანხმდებოდა, გაეგზავნა თუ არა კვიპროსში „45 ტიპის“ საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი. „45 ტიპის“ საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS Dragon-ი ბრიტანეთის არსენალში ერთადერთი ხომალდია, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. 2 მარტს კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა დაადასტურა, რომ სამხრეთ კვიპროსში, ბრიტანულ ბაზაზე ირანული დრონით განხორციელდა თავდასხმა. მისივე თქმით, შუაღამის შემდეგ „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი აკროტირიში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებს შეეჯახა, რამაც „მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“.

