უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, უკრაინის ადვოკატთა ასოციაციაში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. ასოციაციამ ოთხი ახალი მუდმივი კოლეგიალური საკონსულტაციო ორგანო შექმნა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის – უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლთა დაცვის, კომპენსაციის მექანიზმებისა და ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი მხარდაჭერის კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა ერმაკი. ასოციაცია განმარტავს, რომ ასეთი კომიტეტების ხელმძღვანელები მათთან ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.
ერმაკი იურისტია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს მას პრაქტიკა შეჩერებული ჰქონდა, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი განაახლა.
ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა 28 ნოემბერს გახმაურებული კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვა. ის ზელენსკის ადმინისტრაციას ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა.

