გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რეპატრიანტ (იძულების გამო სხვა ქვეყანაში მცხოვრები და რეპატრიაციით სამშობლოში დაბრუნებულ) ოჯახებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წელს სახელმწიფომ მუსლიმი მესხების ექვსი ოჯახისთვის, რომლებმაც საქართველოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში საცხოვრებელი სახლები შეისყიდა. გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს ინტეგრაციის ხელშესაწყობად 3000 ლარი გადაეცა.
აზერბაიჯანის სოფელ საათლიდან საქართველოში დაბრუნებული ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. 2016 წელს, მთავრობის განკარგულებით, აღნიშნულ ოჯახებს სახლები საკუთრებაში გადაეცათ.
„დღეის მდგომარეობით, რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 533-ს ადამიანს, ხოლო 494-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღო“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.