რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, ლუქსემბურგში, ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში გაასაჩივრა ევროკავშირის საბჭოს რეგულაცია, რომელიც ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელ გაყინვას ითვალისწინებს.
“ევროკავშირის რეგულაციის მიღებამ, სხვა საკითხებთან ერთად, დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ევროკავშირის სამართლით გარანტირებული მართლმსაჯულებაზე წვდომის, საკუთრების ხელშეუხებლობის და სახელმწიფოებისა და მათი ცენტრალური ბანკების სუვერენული იმუნიტეტის პრინციპის ფუნდამენტური უფლებები, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის უზენაესობასთან თავსებადად“ – აცხადებს რუსეთის ცენტრალური ბანკი.
2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მათ მფლობელობაში არსებული რუსული აქტივები გაყინეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, აქტივების საერთო ღირებულება 300 მილიარდი დოლარია. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაიყინა.

