აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჰეზბოლას გენერალური მდივანი ჩვენი სამიზნეა” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნისთვის დიდ ფასს გადაიხდის. ჰეზბოლას გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი, რომელმაც ცეცხლის გახსნა ირანის ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა, ამიერიდან განადგურების სამიზნეა“ | წერს ისრაელ კაცი X-ზე.

ჰეზბოლა ძვირ ფასს გადაიხდის ისრაელზე ღამით თავდასხმისთვის – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი, ეფი დეფრინი. მისივე თქმით, საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში, მათ შორის ბეირუთში, ჰეზბოლას ათობით სამიზნე დაბომბეს.

“ჰეზბოლამ ცეცხლი გახსნა; მან გადაწყვიტა კამპანიის დაწყება. ის მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ ორგანიზაციის კუთვნილი ათობით სამეთაურო ცენტრი და რაკეტების გამშვები პუნქტი დავაზიანეთ. ჩვენ უფროსი მეთაურები დავბომბეთ, მათ შორის ამ ორგანიზაციაში დარჩენილი ბოლო მაღალი თანამდებობის პირები“ | განაცხადა დეფრინმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, დარტყმების შედეგები განხილვის პროცესშია.

გვიან ღამით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე დრონები გაუშვეს. გავრცელებული ცნობებით, ლიბანმა ისრაელისკენ სულ მცირე 6 რაკეტა გაუშვა, რის გამოც ჩრდილოეთ ისრაელში უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის უკან ჰეზბოლა იდგა. მოგვიანებით, ისრაელმა ლიბანს საპასუხო დარტყმა მიაყენა და ჰეზბოლას ობიექტები დაბომბა.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ „შეტევითი კამპანია“ დაიწყეს, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

იტვირთბა....