ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, 130%-ით გაიზარდოს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs ავრცელებს.
კომპანიის ანალიტიკოსების ვარაუდით, ბუნებრივი აირის ფასები ევროპაში შეიძლება, გაორმაგდეს, თუ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები, სულ მცირე, ერთი თვით შეჩერდება.
მათივე თქმით, გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის დაახლოებით მეხუთედი, ძირითადად კატარიდან ამ სტრატეგიული გადაზიდვის მარშრუტზე გადის.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-ის ბუნებრივი აირის ბაზარზე გავლენა სავარაუდოდ მინიმალური იქნება.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ახლო აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადაზიდვის მთავარი მიმართულებაა. ირანმა ჰორმუზის სრუტე 28 თებერვალს დაკეტა.

