ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარეებს თავშეკავებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, წევრი სახელმწიფოების სახელით გაავრცელა.
„მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ. ნებისმიერი გაჭიანურებული ომი ახლო აღმოსავლეთში დიდ დანაკარგს გამოიწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კალასის თქმით, ირანის თავდასხმები გაუმართლებელია და მან თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი დარტყმებისგან.
ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას რეგიონული სტაბილურობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და დეესკალაციის მიმართ, ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას და ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღებას ამახვილებს.

