ავიაიერიშები განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ავღანურმა ძალებმა პაკისტანის სასაზღვრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ეს მოვლენა მეზობელ ქვეყნებს შორის თვეების განმავლობაში გაუარესებული ურთიერთობების კულმინაციაა.
ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევს პაკისტანმა ავღანეთის ორ უდიდეს ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ ქაბულზე, საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამან თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა და სასაზღვრო შეტაკებები ღია კონფლიქტში გადაზარდა.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, ქაბულის გარდა, დარტყმები განხორციელდა:
- სამხრეთ ქალაქ ყანდაჰარზე, სადაც თალიბანის უზენაესი ლიდერი, შეიხ ჰაიბატულა ახუნძადა ცხოვრობს.
- სასაზღვრო პროვინცია პაკტიაზე.
პაკისტანმა იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც ავღანურმა ჯარებმა პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს შეუტიეს. თავის მხრივ, ავღანეთის თავდასხმა აღწერილი იყო, როგორც პასუხი კვირის დასაწყისში პაკისტანის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე.
„ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო,“ — განაცხადა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა სოციალურ ქსელში. „ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია.“
ცნობისთვის, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესდა პაკისტანის ბრალდებების გამო. ისლამაბადი ამტკიცებს, რომ ავღანეთის მთავრობა თავშესაფარს აძლევს „პაკისტანის თალიბანს“ (Tehreek-e-Taliban Pakistan). აღნიშნული დაჯგუფება ბოლო წლებში პაკისტანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს; გასულ შემოდგომაზე მათ აიღეს პასუხისმგებლობა ისლამაბადის სასამართლოში მომხდარ აფეთქებაზე, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თალიბანი საჯაროდ უარყოფს ამ დაჯგუფების მასპინძლობას.

