ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის საქმეზე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აშშ-ის კონგრესის კომიტეტს ჩვენებას აძლევს.
მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომელიც ნიუ იორკის შტატში იმართება, უკვე დაიწყო.
როგორც კლინტონმა მედიასთან აქამდე განაცხადა, მას გამოძიებისთვის მცირე ინფორმაცია აქვს მოსაწოდებელი. მისივე თქმით, გამოძიების უკან რესპუბლიკელები დგანან, რომლებსაც სურთ დონალდ ტრამპისა და ეპშტეინის კავშირებიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.
ამასთან, კომიტეტის წინაშე გამოსვლამდე ჰილარი კლინტონმა ტექსტი გაასაჯაროვა, რომლის წაკითხვასაც სხდომაზე აპირებს. მისივე თქმით, უარყოფს, რომ რაიმე იცის ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ და კომიტეტს მოუწოდებს, კითხვებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართონ.
„თუ ეს კომიტეტი სერიოზულად არის განწყობილი ეპშტეინის ტრეფიკინგის დანაშაულებთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევის მიმართ, ის არ დაეყრდნობა პრესის წარმომადგენლებს, რათა მიიღოს პასუხები ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტისგან მისი მონაწილეობის შესახებ; ის მას პირდაპირ, ჰკითხავს, რამდენჯერ გამოჩნდა ის ეპშტეინის საქმეებში“, – აცხადებს კლინტონი.
ამასთან, აშშ-ის კონგრესის კომიტეტი ხვალ ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონსაც დაკითხავს. როგორც ცნობილია, ბილ კლინტონი ეპშტეინს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა როგორც აცხადებს, მასთან ურთიერთობა ორი ათწლეულის წინ გაწყვიტა. კლინტონებმა არაერთხელ უარყვეს ეპშტეინთან დაკავშირებული დანაშაული.

