გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ჩინეთში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, ტექნოლოგიურ ცენტრ ხანჯოუში ჩავიდა. მას თან ახლავს ბიზნესლიდერების დელეგაცია, რომლებიც ამ აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქში კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ.
ხუთშაბათს მერცი პეკინიდან დაახლოებით 12-მილიონიან ქალაქში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი ვიზიტი წამყვან კომპანიებში, მათ შორის გერმანულ Siemens Energy-სა და ჩინურ ფირმა Unitree-ში, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს აწარმოებს. ხანჯოუ ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის უმსხვილესი ცენტრია და ისეთი გიგანტების სამშობლოა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepSeek და ელექტრონული კომერციის პლატფორმა Alibaba.
პეკინის დატოვებამდე მერცი, რომელსაც თან ახლავს გერმანული ავტოგიგანტების — –ფოლკსვაგენის, BMW-სა და მერსედესის ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია, ეწვია მერსედესის ქარხანას ჩინეთის დედაქალაქში, სადაც თვითმართვადი ავტომობილი გამოცადა. მერცის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც გასულ წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, მიზნად ისახავს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია გასულ წელს აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ფონზე.
თუმცა, მან ასევე სცადა ყურადღება გაემახვილებინა ურთიერთობებში არსებულ „გამოწვევებზე“, განსაკუთრებით კი იმ მასშტაბურ დისბალანსზე, რის გამოც გასულ წელს ჩინეთთან გერმანიის სავაჭრო დეფიციტმა რეკორდულ 89 მილიარდ ევროს ($105 მლრდ) მიაღწია. ეს ფაქტი გერმანული ბიზნესის მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ჩინელი კონკურენტები ბაზარს შედარებით იაფი საქონლით ავსებენ.
ოთხშაბათს, პეკინში ჩინეთის პრემიერ ლი ციანთან შეხვედრისას, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრამდე გაიმართა, მერცმა განაცხადა, რომ მას სურს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის „გაუმჯობესება და სამართლიან ჩარჩოებში მოქცევა“.

