დისტრიბუციის ნაწილში თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სადისტრიბუციო კომპანია „ბიდი კომპანის“ წარმომადგენელთან, დიმიტრი მესხიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
„დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება, ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, – მიმართა ბერეკაშვილმა მესხიშვილს.
ამასთან, როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, მას აქვს ექსპანსიის, ახალი მაღაზიის გახსნის და სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა.
„ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, როდესაც ქსელს ბრუნვა აქვს თვეში 100 მილიონი და გადახდის ვადას გადასწევს ერთი დღით, ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მილიონი ლარის თავისუფალ საბრუნავ კაპიტალს ათავისუფლებს და თუ გადასწევს ათი დღით, ეს არის 30 მილიონი. გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, ისინი ალბათ ახორციელებენ ექსპანსიას, ახალი მაღაზიის გახსნას და ა.შ.,მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ გადახდის პირობები ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა, „ბიდი კომპანის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი მესხიშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, გადახდის პირობები წლიდან წლამდე უარესდებოდა“.

