ახალი ამბები პოლიტიკა

ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ნოვოროსიისკში ნავთობის ტერმინალზე უკრაინის თავდასხმით აშშ უკმაყოფილოა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს ოფიციალური წერილი გაუგზავნა

აშშ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმით უკმაყოფილოა და ამის ხაზგასასმელად სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის უკმაყოფილების მიზეზი ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე ზემოქმედება იყო.

სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს ოფიციალური დიპლომატიური შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვდა, თავი შეეკავებინა „ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმებისგან“.

სტეფანიშინამ განმარტა, რომ დარტყმამ გავლენა მოახდინა ყაზახეთის გავლით განხორციელებულ ამერიკულ ინვესტიციებზე. თუმცა, ელჩმა განმარტა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ შესთავაზა უკრაინას სრულად თავი შეეკავებინა რუსეთში კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან.

„ეს განპირობებული იყო იმით, რომ იქ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, – განაცხადა სტაფანიშინამ.

ცნობისთვის, უკრაინამ ნოვოროსიისკში „შესხარისის“ ნავთობტერმინალზე იერიში გასული წლის ნოემბრის ბოლოს მიიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის, მაგრამ მასში ყაზახური ნავთობიც გადის, როგორც კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნაწილი და მისი აქციონერი ამერიკული კომპანია „შევრონია“.

იტვირთბა....