თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, გუშინ ღამით, ორი ქალის ცხედარი იპოვეს. რძალ-დედამთილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაიგუდნენ. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალბატონი ჟურნალისტი მაკა წიკლაურია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და ასევე, სხვა წამყვან ქართულ მედიასაშუალებებში.
გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგა თამარ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში მასზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
„დღეს, გამთენიისას კარგი ადამიანი, ნიჭიერი ჟურნალისტი, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომელი მაკა წიკლაური გაზით გაიგუდა… მაკას, “დილის გაზეთში” რომ გავიცანი ჟურნალისტური გამოცდილება უკვე ჰქონდა, საოცრად თბილი, მგრძნობიარე, ცოტათი სევდიანი, მეოცნებე გოგო იყო და იმ დროისათვის (2000 წელს) საღებავების და ზოგადად საყოფაცხოვრებო ნივთების დეფიციტში, თმა საოცარი ცეცხლოვანი წითლით ჰქონდა შეღებილი. მისი თავი, თალხ ფერებში ჩაცმული ქალაქელების ფონზე შუქნიშანივით ანათებდა, თავად კი კმაყოფილი სჩანდა, მოსწონდა ყურადღებას რომ იქცევდა! ამ შემთხვევის დღეც მახსოვს, რუსა მორჩილაძის ინტერვიუზე გავყევი… მაკას მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. რთულია შენზე წარსულში საუბარი, ნათელში იყავი, მაკა!“- წერს ფეიქრიშვილი.