დამოუკიდებელ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას და ბრძოლას ვხედავთ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე, დიდი ბრიტანეთი ადამიანის უფლებების აკვანი იყო და ახლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მებრძოლად არის გადაქცეული.
„დღეს 25 თებერვალია. 105 წლის წინ ბოლშევიკების მიერ თუ მოხდა საქართველოზე თავდასხმა, სიმბოლურია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება მიღებული იყო ბოლშევიკური დასაბუთებით, ბოლშევიკური სულისკვეთებით. დამოუკიდებელ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას და ბრძოლას ვხედავთ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ამას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ის ქვეყანა აკეთებს, რომლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რომ განსაკუთრებული გავლენის ქვეშაა გარკვეული ძალების მიერ. იმ ძალების, რომელთაც საქართველოში თავისი ემისრები 2003-2012 წლებში ჰყავდათ. 2007 წელს, როცა „იმედი“ დაარბიეს და თავისუფალი სიტყვა გათიშეს, მაშინ დიდ ბრიტანეთს ერთი შემაშფოთებელი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, მაშინაც გავლენა ძლიერდებოდა დიდ ბრიტანეთში და ვინაიდან ახლა ფაქტობრივი საშუალება არ აქვთ, საქართველოში თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ, იქამდე მივიდნენ, რომ ე.წ. სანქციები გამოიყენონ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. კარგად გვახსოვს ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება. მან თქვა, რომ ვისაც სურვილი აქვს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავლენა განავრცოს, მარტივი სქემა აქვთ აწყობილი – რუსული დაარქვან ყველაფერს, ვინც თავისუფლად მოქმედებს და დემოკრატიას ემსახურება. თავის დროზე, დიდი ბრიტანეთი ადამიანის უფლებების აკვანი იყო და, სამწუხაროა, რომ ახლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მებრძოლად არის გადაქცეული. წინა წელს ათი ათასზე მეტი ადამიანი პასუხისგებაში იმიტომ მიეცა, რომ თავისუფალ სიტყვას ავრცელებდნენ, რაც ასე მიუღებელია „დიფ სთეითის“ თუ მის მიერ მართული ხელისუფლებებისთვის. ამ გადაწყვეტილებას არავითარი დასაბუთება არ მოსდევს, სამართლებრივადაც უკანონოა. ანალოგიურ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ კომპანიის დავისას მიუთითა, რომ ნებისმიერი სანქცია დასაბუთებული უნდა იყოს. დიდი ბრიტანეთის მხრიდან კი, ეჭვები გვესმის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

