პოლიტიკა

დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე – ირანი, უკრაინა და რუბიოს როლი

აშშ-ის პრეზიდენტმა , დონალდ ტრამპმა, კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ყოველწლიური მიმართვისას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე ისაუბრა. დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა საკუთარ თანამდებობაზე „ერთ-ერთ საუკეთესო“ სახელმწიფო მდივნად შევიდეს ისტორიაში. აღნიშნული შეფასება პოლიტიკურ წრეებში განიხილება როგორც პოტენციური მხარდაჭერის სიგნალი იმ შემთხვევაში, თუ რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტს. თავად რუბიომ წარსულში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ განიხილავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვიცე-პრეზიდენტი .ჯეი დი ვენსი ,საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, თუმცა პოლიტიკური პროცესების დინამიკა მომავალში შესაძლოა შეიცვალოს.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანთან არსებული უთანხმოებები დიპლომატიური გზით მოაგვაროს, თუმცა არ გამორიცხა სამხედრო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობაც. მისი თქმით, ირანი ბირთვული იარაღის მიღების მისწრაფებაზე უარს არ ამბობს. თავის მხრივ, თეირანი წლების განმავლობაში აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ გეგმავს, თუმცა ამერიკული მხარე ამ განცხადებებს სკეპტიკურად აფასებს.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მტკიცება, რომ მისმა ადმინისტრაციამ რვა ომი დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს — ზოგიერთი კონფლიქტი ოფიციალურად ომად არ კლასიფიცირდებოდა და რიგ შემთხვევებში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ტრამპმა მოკლედ ისაუბრა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომზეც და განაცხადა, რომ მისი დასრულების მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

გამოსვლის ფარგლებში პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა აშშ-ის მონაწილეობა ვენესუელის პოლიტიკურ პროცესებში და აღნიშნა ოპერაცია, რომლის შედეგადაც ვენესუელელი ლიდერი ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოშორდა. ამასთან, საერთაშორისო შეფასებებში ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ყოფილი მმართველი ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს გავლენას.

გამოსვლის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდად იქცა ვენესუელელი ყოფილი პოლიტიკური პატიმრის, ენრიკე მარკესის, დასწრება, რომელიც გათავისუფლების შემდეგ შეერთებულ შტატებში საკუთარ ოჯახს შეხვდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარულ ასპექტს უსვამს ხაზს.

იტვირთბა....