„ყოველდღიურად, თაღლითური „ქოლცენტრები“ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ძარცვავენ პენსიონერებს და მერე, ეს ფული აკუმულირდება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შავ სალაროში. [ჩამონათვალს] ესეც შეიძლება დაამატონ და ამაზეც ჰქონდეთ რეაქცია. ეს ფული ხან პრემიერ-მინისტრის ჯიბეში ხვდება, ხან სუს-ის ხელმძღვანელების, ხან „ქართული ოცნების“ სალაროში. ჯობია, კონკრეტულად მიხედონ. შეუძლია ქალბატონმა რასამ ესეც ჩაწეროს. ეს გაცილებით ეფექტური იქნებოდა.
ჩემი აზრით, ქალბატონი რასას მოხსენება შეიძლება „ქართული ოცნების“ საღლიცინო გახდეს. ამაზე ეს ადამიანები უკვე ღლიცინებენ და სერიოზულად არ უყურებენ, მაგრამ თუ გერმანული პროკურატურა გამოვა და იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მფარველობით ჩვენს პენსიონერებს ფულს ძალავენ, ეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემური იქნება. ან თუ გამოვა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი და იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მფარველობით, ამ კრიმინალურ სქემებში ვიღაცები მონაწილეობენ და მერე ეს ფული „ოცნების“ ანგარიშებზე ილექება, ამაზე „ოცნებას“, რა თქმა უნდა, ექნება რეაქცია, შეეშინდება. რასას მოხსენებაზე დაიწყებენ სიცილს. ეს არის რეალობა. როგორც იციან ბოლო წლების განმავლობაში, ისევე გააგრძელებენ. გამოვლენ და იტყვიან, რომ ასეთია, ისეთია. რეალურად, რაღაცებს შეაფასებენ, სადღაც შეიძლება სწორადაც თქვან, შეიძლება არასწორად. გაიცინებენ, მაგრამ თუ გერმანიის პროკურორი გამოვა და „ოცნებაზე“ იტყვის, რომ ის მფარველობს თაღლითურ „ქოლცენტრებს“, რომლებიც ჩვენი პენსიონერების ფულს თაღლითურად ითვისებენ, ამაზე ვერ გაიცინებენ იმიტომ, რომ შეეშინდებათ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების დასანქცირებას, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამასთან დაკავშირებით დიდ იმედებს არ ამყარებდა არასდროს. საერთოდ, გვგონია, რომ ადგილზე არის დასამარცხებელი „ოცნება“ და არა გვერდიდან. ჩვენთვის ეს თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ვიღაცამ რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე დაასანქციროს იმის გამო, რომ მე ვერ ვერევი და ამის გამო სხვის იმედზე ვიყო, ეს არ არის სწორი. ჩვენ არჩევნებით უნდა გავიმარჯვოთ. ქართველი ხალხი უნდა დავარწმუნოთ და არა ვიღაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომ საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეზე სანქცია გასცეს. ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა, სხვას სხვა აქვს. არჩევნებია აქ მოსაგები. იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ კეთილ ბიძიას ევროპაში გაახსენდება, რომ სანქციები აქვს დასადები. ეს საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი და არა რასასი და სხვა ადამიანების. მერამდენე „რაპორტი“ უნდა გააკეთოს… მართლა სასაცილოდ აქვთ აგდებული და პირიქით, ამ ყველაფერს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იყენებენ. „ოცნების“ პროპაგანდა ამას ძალიან კარგად იყენებს. გამოიყვანს, მერე ამას შეადარებს სააკაშვილზე განცხადებებს და დამთავრდა უკვე მისი რეპუტაცია. როდესაც ადამიანი კაცზე [მიხეილ სააკაშვილზე] ამბობს, რომ არის პოლიტპატიმარი… ადამიანმა, რომელმაც ეს ქვეყანა შეიწირა პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა ბევრი ადამიანის აღქმაში, ადამიანების უფლებები მასობრივად დაარღვია. როცა ადამიანი ასეთი ევროპარლამენტარების განცხადებას ისმენს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, მათ რეპუტაციას და მათი სიტყვის ნდობას, ფასი უკვე აღარ აქვს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

