ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, – ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას“.
როგორც შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „საკუთარი ინტერესებისათვის სხვების გაწირვა არასწორი და არასამართლიანია, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ესკალაციისათვის გაწირვას ომი მოჰყვება“.
„უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს. უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას. ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნებით. ომის გამოსაწვევად ზოგჯერ ქვის სროლის ნაცვლად, გინებაც საკმარისია. ეს კინო უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, თუ რა მოიტანა სხვების რჩევებზე აყოლამ. ოთხი წლის წინ, ომის დაწყების პირველივე დღეებში მკაცრად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესება არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და საქართველოს არავისთან ამის გამო ბოდიში მოსახდელი არ აქვს. ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. საკუთარი ინტერესებისათვის სხვების გაწირვა არასწორი და არასამართლიანია. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ესკალაციისათვის გაწირვას ომი მოჰყვება“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი და ეს დეზინფორმაციაა. მისი განმარტებით, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედების შესახებ, მისი ჯარები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს უკრაინას. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი, რომელიც მე მაქვს საქართველოსთან მიმართებით.”-განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.

