ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის განცხადებით, შრომის ბაზრის კვლევის პროცესში რექტორების დიდი ნაწილი ჩართული არ ყოფილა და შედეგებს დღეს პირველად უნდა გაეცნოს. ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე შესვლამდე განაცხადა.
დობორჯგინიძის შეფასებით, კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ილიაუნის მიმართ დისკრიმინაციულია. მისი თქმით, უნივერსიტეტებმა შეხვედრის მოთხოვნით მთავრობას ჯერ კიდევ 12 თებერვლის შემდეგ მიმართეს, თუმცა დიალოგი ამ დრომდე არ გამართულა.
რექტორმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა დებატებში მოხსენიებული საერთაშორისო რეიტინგების სანდოობა.
,,პირველად მოვისმენთ. გუშინ შეგვატყობინეს, რომ დღეს იქნება ამისი პრეზენტაცია. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც კი გამოცხადდა ეს კვოტების გადანაწილება 12 თებერვალს, ჩვენ მეორე დღესვე გამოვაგზავნეთ წერილი, იმ დღესვე შეიკრიბა მმართველი საბჭოები, საუნივერსიტეტო საზოგადოება და აი, დღემდე ვითხოვთ ამ შეხვედრას.
ნამდვილად არის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული ილია უნივერსიტეტის მისამართით, იმიტომ, რომ ილიას უნივერსიტეტი არის საქართველოში და რეგიონში ყველა დიდი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით ერთ-ერი საუკეთესო უნივერსიტეტი. სხვათა შორის, ითქვა დებატებში, დასახელდა, მაგალითად, ორი რეიტინგი, იქ თქვენ არ ხართ წამყვანიო. ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ ერთი აქედან არის საუდის არაბეთში ერთი ადამიანის მიერ რეგისტრირებული, რომელიც მან კონკრეტული კვლევის ფარგლებში გააკეთა და მეორე არის წმინდა ბიზნესინტერესი,” – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

