ახალი ამბები

,,მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას” – ბრიტანეთის ელჩი

არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საუბრობს. გარეტ უორდის თქმით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში ევროპულ სანქციებთან შეერთებითა და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებით. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ დამატებით ზომებს აანონსებს. 

,,იცით, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვიცით, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები გრძელდება და მისი ჯარები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ, მთავარი საკითხი არის, როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს უკრაინას. და მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ნათლად ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე და შემოსავალზე ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან. და ჩვენი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინასთან დაკავშირებით არის — სრულად აღასრულოს სანქციები და შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვა. 
გაერთიანებული სამეფო გამოაცხადებს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ დამატებით ზომებს. და ვფიქრობ, ეს არის მთავარი გზავნილი, რაც დღეს მსურს გავაჟღერო.

დიპლომატის შეფასებით, უკრაინის მხარდაჭერა გრძელდება როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და დიპლომატიურ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, ევროპა მზად არის დახმარება გააგრძელოს „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, პარალელურად კი გაძლიერდება ზეწოლა რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებზე.

,,ჩვენ აქ ვართ, რათა დავადასტუროთ ჩვენი უწყვეტი ერთგულება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. კონფლიქტს სხვადასხვა განზომილება აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს საბრძოლო ველი, და ჩვენ გვახსოვს ის სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი, რომელიც უკრაინამ გაიღო. თუმცა ევროპა მზად არის, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. გასულ წელს ჩვენ მივაწოდეთ 45 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, ხოლო 2026 წელს უკვე ვიკისრეთ 35 მილიარდი დოლარის ვალდებულება, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება საბრძოლო ველზე. კონფლიქტს სხვა განზომილებებიც აქვს. არსებობს ეკონომიკური განზომილება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ რუსეთის ეკონომიკასა და მის სამხედრო მანქანაზე — ვაჩერებთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის მიწოდებას რუსეთში და ვზღუდავთ იმ შემოსავლებს, რომლის მიღებასაც რუსეთი ნავთობისა და გაზის გაყიდვით ცდილობს. ამ მიმართულებით გვაქვს შედეგები და რუსეთის ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა. და ბოლოს, ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ვზრუნავთ, რომ მომავალში უკრაინისთვის ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხოების გარანტიები, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა. 

იტვირთბა....