ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ ემსახურება იმას, რომ „აბსურდული ბრალდებები“ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ქვეყნის რეალური საბოტაჟი არის “ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება”.
“ასეთი პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ახლა ვხვდებით სასამართლო პროცესზე. ჩემი აზრით, რეალურად, ასეთი პროცესი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება. სხდომის დახურვა კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო პროცესი, რომლის შეფასება ძალიან ძნელია – ზიანის, რომელსაც შეიძლება პროცესი აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. დღევანდელი სხდომაც ვფიქრობ, სწორედ იმის კარგი დემონსტრირებაა, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ამ პროცესის მონაწილეებს, თუ რაოდენ დიდი ზიანი ადგება ჩვენ ქვეყანას ამ პროცესით. დახურვა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

