ორშაბათს, აშშ-ის ჯარებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უდიდესი ბაზიდან გასვლა დაიწყეს, – წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ეს არის ჯარების უფრო ფართომასშტაბიანი გასვლის ნაწილი, რადგან დამასკოში აშშ-ის მოკავშირე მთავრობა ამ ტერიტორიაზე კონტროლს აძლიერებს.
თვითმხილველების თქმით, ათობით სატვირთო მანქანა, რომელთაგან ზოგიერთს ჯავშანტექნიკა გადაჰქონდა, ორშაბათს დილით, ჰასაკას პროვინციაში მდებარე კასრაკის ბაზიდან გავიდა. მოგვიანებით, Reuters-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მოძრაობენ სატვირთოები ქალაქ კამიშლის გარეუბანში მდებარე გზატკეცილზე.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) კომენტარის შესახებ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
კასრაკის ბაზა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი გლობალური კოალიციის მთავარი ცენტრია. ამერიკული ჯარები იქ 10 წელზე მეტი ხნის წინ განლაგდნენ, ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებთან (SDF) თანამშრომლობით, ჯიჰადისტურ დაჯგუფებასთან საბრძოლველად.

