ახალი ამბები

„შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი, გაძვირდება მომსახურება, ხალხი უფრო გაღარიბდება – ამიტომ გაუგებარია, რას უკრავთ ტაშს? საკუთარ გაღარიბებას?

„შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი ან დამსაქმებლებს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა“ – ასე ეხმაურება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილების შედეგად საკურიერო და ტაქსის მომსახურება გაძვირდება.

შეგახსენებთ, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სფეროებში აკრძალა.

„ბიზნესპრესნიუსი“ ზურაბ ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ტაში გაღარიბებისთვის უცხოელებისთვის ტაქსის და საკურიერო მომსახურების აკრძალვაზე შემხვდა აპლოდისმენტები აქეთა ფლანგიდან და 2 სიტყვას ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აზრს ვეღარ ვხედავ ყოველი ახალი იდიოტური რეგულაციის კომენტირებაში

რატომ არიან დასაქმებული ამ ორ ბაზარზე (შეიძლება სხვაგანაც) უცხოელები? ან ამ ბაზრებზე ზოგადად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების ნაკლებობაა ან საქართველოს მოქალაქეები არ თანხმდებიან იმ ანაზღაურებას, რომელიც ამ ბაზრებზე არსებობს (მეტი უნდათ).

რა მოჰყვება ამ აკრძალვას? ან ამ ბაზრებზე შეიქმნება სამუშაო ძალის დეფიციტი ან დამსაქმებლებს მოუწევთ დასაქმებულებისთვის მეტის გადახდა, ან რაღაც საშუალო მოიძებნება ამ ორს შორის.

რა იქნება შედეგი?

იქნება ნაკლები ტაქსი და ნაკლები კურიერი და/ან გაძვირდება ეს სერვისები

ანუ, როდესაც ტაქსს გამოიძახებთ და/ან რამეს შეუკვეთავთ „ვოლტზე“ თუ „გლოვოზე“, მოგიწევთ უფრო მეტის გადახდა.

როდესაც რაღაც სერვისში მოგიწევს მეტის გადახდა ან ამ სერვისით ვეღარ სარგებლობ ფასის ზრდის გამო, ამას ჰქვია – გაღარიბება.

გაღარიბება ნაკლები შემოსავალი არ არის. გაღარიბებაა, როდესაც იმაზე ნაკლების ყიდვის შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე აქამდე გქონდა

ეს მოხდება ზუსტად. გაღარიბდებით. ნაკლები ფული დაგრჩებათ სხვა რაღაცეებში დასახარჯად ან დანაზოგის გასაკეთებლად.

იგივე მოხდება ნებისმიერ სხვა სფეროსთან მიმართებაში, სადაც აქამდე უცხოელები იყვნენ დასაქმებული და ახლა აღარ იქნებიან.

ცხადია, საქართველოს მოქალაქე კურიერებს თუ ტაქსისტებს ეს გადაწყვეტილება მოეწონებათ – მათ წარმოდგენაში კონკურენტებს აცილებს სახელმწიფო, შესაბამისად, მათ მეტი მოგება დარჩებათ.

მაგრამ თქვენ, ჯამში საქართველოს მოქალაქეები გაღარიბდებით ამ გადაწყვეტილებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი, თუ კრიმინალი ან ტერორისტი არაა. ცხადია,

თუ კრიმინალი ან ტერორისტია, მაშინ საერთოდ არაა ქვეყანაში შემოსაშვები

ამიტომ, გაუგებარია, რას უკრავთ ტაშს? საკუთარ გაღარიბებას?

რუსეთი/ოლიგარქი გვაღარიბებს, რადგან ღარიბების მართვა უფრო მარტივია” ლოგიკის ხალხს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება მოგეწონათ, განსაკუთრებით გილოცავთ. ეს წუთია კრემლმა/ოლიგარქმა გაგაღარიბათ და თქვენ ტაშს უკრავთ.

პ.ს. ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მუშაობს უცხოეთში, ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში. უდიდესი უმრავლესობა – არალეგალურად. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ უწევთ მათ არალეგალურად მუშაობა, შედარებით პრიმიტიულ და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, დღეში 10-12-14 საათი? სწორი და მოსაწონია ასეთ მდგომარეობაში რომ არიან? თუ ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება არ მოსულა, მაგრამ ჩვენი მხრიდან სხვებისადმი ასეთი დამოკიდებულება ოქეია?“ – წერს ზურაბ გირჩი- ჯაფარიძე.

იტვირთბა....