ახალი ამბები

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, რომლებსაც ევროპული მომავალი სურთ, ამავდროულად, მიღებული გვაქვს სიგნალები, რომ დემოკრატია გამოწვევის წინაშეა” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, რომლებსაც ევროპული მომავალი სურთ. ამავდროულად, მიღებული გვაქვს მკაფიო სიგნალები, რომ სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე დემოკრატია გამოწვევის წინაშე დგას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე  განაცხადა.

ოანა-სილვია ცოიუს კითხვა დაუსვა ქართველმა ჟურნალისტმა, დაუჭერს თუ არა რუმინეთი მხარს კაია კალასის წინადადებას, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში არსებულ ვითარებას.

„მოლდოვას რაც შეეხება, რუმინეთს დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი პოზიცია აქვს: რუსეთის ჯარები უნდა გავიდეს დნესტრისპირეთიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია წლების განმავლობაში. აშკარაა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ ეს გახდეს ევროპული პოზიციაც. საუბარი გვქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან და მოლდოვის მთავრობასთან, ასევე ვხედავთ გამამხნევებელ სიახლეებს დნესტრისპირეთიდან იმ გაგებით, რომ ამ მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ, ევროპული მომავლის იმედი ჰქონდეთ. წინა რეფერენდუმებსა და არჩევნებში დავინახეთ, რომ, მაგალითად, მოქალაქეების მესამედმა ევროპული მომავლისკენ გააკეთა არჩევანი. ამიტომ, ვხედავთ, რომ არის გზა ამ რეგიონის ინტეგრაციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ იქიდან. რაც შეეხება საქართველოს, რუმინეთს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი მოქალაქეების მისწრაფებებს, რომლებსაც ევროპული მომავალი სურთ.

ამავდროულად, მიღებული გვაქვს მკაფიო სიგნალები, რომ სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე დემოკრატია გამოწვევის წინაშე დგას.

მაგალითად, ოპოზიციის ლიდერები სასამართლო დევნას განიცდიან და სასამართლო სისტემა ჩარევის ქვეშაა. ამ ყველაფერს ჯერ კიდევ სჭირდება განმარტება საქართველოს მხრიდან, თუ როგორ ხსნიან ამას ევროკავშირთან“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა „გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოდან“.

იტვირთბა....